წინასიტყვაობის მაგიერ


წმ. ექვთიმე ღვთისკაცი- თაყაიშვილი!         
     წმინდანი და ერისკაცი!
   
  ილია ჭავჭავაძის შემდეგ წმინდანობა და ერისკაცობა ისე არ შეუდუღებია და შეუსისხლხორცებია ერთმანეთში, როგორც ექვთიმე თაყაიშვილს! 
  
ჩვენ აქამდე მიჩვეული ვიყავით ერთ უღელში გაბმული ორი ღვთაებრივი სახელის წარმოთქმას:
           ილია და აკაკი!
 ახლა ჩვენში თანდათან მკვიდრდება მეორე ღვთაებრივი წყვილის სახელი:
          ილია და ექვთიმე!
  თუ ილიამ იხსნა ქართველი ერი რომანოვების რუსეთის იმპერიული ბრჭყალებისაგან, ექვთიმემ გადაარჩინა ბოლშევიკური რუსეთის ურდოებისაგან ქართველთა მრავალსაუკუნოვანი  სულიერი საგანძური.
    ამიტომაც შერაცხა ქართველმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ერთიც და მეორეც წმინდანებად და ღვთისკაცებად! ამიტომაცაა და ალბათ ღრმად სიმბოლურიც, რომ
ახლა ისინი მთაწმინდაზე უკვე სამუდამოდ ერთმანეთის გვერდით განისვენებენ, როგორც მისი უკვდავი ბინადარნი!
  ექვთიმე თაყაიშვილის წმინდა სახელი და ღვაწლი დიდი ხნის მანძილზე იკრძალებოდა საბჭოთა რეჟიმის მიერ, თუმცა, ყოველი ნამდვილი ქართველი გულით ატარებდა მის სიყვარულს, თაყვანს სცემდა მის უკვდავ სახელს და „ჩუმის ნატვრითა“ ნატრობდა იმ ბედნიერ დღეს, როცა მისი სახელი მთელი სიდიადით ამობრწყინდებოდა!
                                            გურამ შარაძე

სამშობლოს სიყვარულში დაფერფლილი სიცოცხლე


    1953 წლის 21 თებერვალი... გარდაიცვალა ექვთიმე თაყაიშვილი. იგი გულით დაიტირა ქართველმა ხალხმა, მაგრამ... ცხედარი ორმოციოდე კაცმა თუ გააცილა  და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალა. საქართველომ იცოდა ფასი გარდაცვლილისა, მაგრამ მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო ეს დაფასება მხოლოდ მომავალში წარმოჩნდა. სულ რაღაც ათიოდე წლის შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადმოსვენდა. 
 გარკვეული დროის შემდეგ საფრანგეთიდან გადმოასვენეს და იქვე დაკრძალეს მისი მეუღლე ნინო პოლტორაცკაია. ამჯერად ექვთიმე და ნინო  თაყაიშვილების საუკუნო მოსასვენებელი მთაწმინდის პანთეონშია. 
დღესდღეობით ჭეშმარიტად დაფასდა დიდი მამულიშვილისა და მეცნიერის ღავწლი-შრომა, რომელსაც შეეწირა სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულში  დაფერფლილი დიდი სიცოცხლე. საყოველთაოდაა აღიარებული და შორსაა გატანილი ექვთიმე თაყაიშვილის მოწამებრივი ცხოვრების ამბავი.  დაიდგა ძეგლი (ავტორი ანზორ გომართელი) დაიწერა წიგნები(შალვა ამირანაშვილი, აკაკი სურგულაძე, გივი ჟორდანია, შოთა ბადრიძე, როინ მეტრეველი და სხვა) . მეცნიერის უკვდავყოფას განსაკუთრებული ამაგი დასდო რევაზ თაბუკაშვილმა ფილმით „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“
  ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება სანიმუშოა ყველასთვის, მისი მაგალითით უნდა გაიზარდოს ჩვენი ახალგაზრდობაც-შეიგრძნოს სამშობლოს ჭეშმარიტი სიყვარულის ძალა და მისთვის, მის სამსახურში თუნდაც სიცოცხლის ნაწილის დახარჯვით მიღებული სიამაყის სიამოვნება.
                                                                                                      როინ მეტრეველი
                                                                                  (ექვთიმე თაყაიშვილის ბიობიბლიოგრაფია)