წინასიტყვაობის მაგიერ


წმ. ექვთიმე ღვთისკაცი- თაყაიშვილი!         
     წმინდანი და ერისკაცი!
   
  ილია ჭავჭავაძის შემდეგ წმინდანობა და ერისკაცობა ისე არ შეუდუღებია და შეუსისხლხორცებია ერთმანეთში, როგორც ექვთიმე თაყაიშვილს! 
  
ჩვენ აქამდე მიჩვეული ვიყავით ერთ უღელში გაბმული ორი ღვთაებრივი სახელის წარმოთქმას:
           ილია და აკაკი!
 ახლა ჩვენში თანდათან მკვიდრდება მეორე ღვთაებრივი წყვილის სახელი:
          ილია და ექვთიმე!
  თუ ილიამ იხსნა ქართველი ერი რომანოვების რუსეთის იმპერიული ბრჭყალებისაგან, ექვთიმემ გადაარჩინა ბოლშევიკური რუსეთის ურდოებისაგან ქართველთა მრავალსაუკუნოვანი  სულიერი საგანძური.
    ამიტომაც შერაცხა ქართველმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ერთიც და მეორეც წმინდანებად და ღვთისკაცებად! ამიტომაცაა და ალბათ ღრმად სიმბოლურიც, რომ
ახლა ისინი მთაწმინდაზე უკვე სამუდამოდ ერთმანეთის გვერდით განისვენებენ, როგორც მისი უკვდავი ბინადარნი!
  ექვთიმე თაყაიშვილის წმინდა სახელი და ღვაწლი დიდი ხნის მანძილზე იკრძალებოდა საბჭოთა რეჟიმის მიერ, თუმცა, ყოველი ნამდვილი ქართველი გულით ატარებდა მის სიყვარულს, თაყვანს სცემდა მის უკვდავ სახელს და „ჩუმის ნატვრითა“ ნატრობდა იმ ბედნიერ დღეს, როცა მისი სახელი მთელი სიდიადით ამობრწყინდებოდა!
                                            გურამ შარაძე