მიუხედავად იმისა, რომ ექვთიმე თაყაიშვილს მძიმე ფიზიკური ნაკლი ჰქონდა, მას არ დაუტოვებია საქართველოს არცერთი კუთხე, ფეხით რომ არ მოევლოს , აქ არსებული ყველა ისტორიული ძეგლი რომ არ აღეწეროს
და არ შეესწავლოს. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს: „მივიხედ-მოვიხედე, შევატყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს პატრონი არ ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა, მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და დავიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადასარჩენად. თან ახალახალსაც ვაგროვებდი. შემოწირულსაც არარ ვჯერდებოდი, საზოგადოების ხარჯზეც შეძენაც დავიწყე“...
პირველი არქეოლოგიური მოგზაურობა მოეწყო 1889 წელს მცხეთაში, სადაც დიმიტრი ბაქრაძემ წაიყვანა. მათი მიზანი იყო ხელნაწერი წიგნების ჩამოტანა. კარგი ხელნაწერები მხოლოდ სვეტიცხოველში უნახავთ და ჩამოუტანიათ. შემდგომ ექვთიმე დამოუკიდებლად იწყებს ფართო შემოქმედებით საქმიანობას, რომლის ერთგვარი დაგვირგვინება იყო 1890 წელს გამოცემული „სამი ქრონიკა“ . მას მოჰყვა „წმინდა ნინოს ცხოვრება“.
ექვთიმე თაყაიშვილმა რამდენიმე ათეული წლის მანძილზე სისტემატური კვლევისა და ძებნის შედეგად ბევრი ახალი , სრულიად უცნობი, პირველხარისხოვანი ძეგლი აღმოაჩინა.
დიდი ღვაწლი მიუძღვის ექვთიმე თაყაიშვილს ახალგორის განძის შესანიშნავი მასალების შეგროვებისა და დაცვის საქმეში. მან კვალდალვალ სდია ამ განძის შემსყიდველ-გადამსყიდველებს, ვიდრე განძის უმეტეს ნაწილს თვი არ მოუყარა და საბოლოოდ კავკასიის მუზეუმში არ დააბინავა.
ექვთიმე თაყაიშვილის გულმოდგინეობის შედეგი იყო „ხელმწიფის კარის გარიგების“ ხელნაწერის აღმოჩენა. ეს ხელნაწერი მან ქართლში მოგზაურობის დროს აღმოაჩინა, ნაგავში. ეს არის სხვადასხვა მეფის მიერ დაწესებული სახელმწიფოს მართვაგამგეობის კანონთა კრებული. აღნიშნულ ძეგლს მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს წესწყობილების, სახელმწიფო ყოფა-ცხოვრებისა და შინაგანი ორგანიზაციის შესასწავლად.
ექვთიმე თაყაიშვილმა იმოგზაურა და აღწერა: კახეთში-ალავერდი, შუამთა, ბოდბე, თელავი, გრემი, იყალთო, ახმეტა, და სახვ. იმერეთში-საჩხერე, ჯრუჭი, კაცხი, ქუთაისი, გელათი და სხვა. სამეგრელოში -მარტვილი, ცაიში, ზუგდიდი, წალენჯიხა, ბანძა, აბაშა, სუჯუნა, დასხვა. რაჭაში-გლოლა, წიორა, რები, ონი, წესი, მრავალძალი, სხვავა, ბუგეული, ნიკორწმინდა და სხვა. ლეჩხუმ-სვანეთში -ლაბეწინა, საირმე, ლაკანა, ორბელი, ლენტეხი, ლაშხეთი, უშგული და სხვა.
1937 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა პარიზში გამოსცა წიგნი „არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს“.
უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა თაყაიშვილის მოგზაურობას სამხრეთ საქართველოში, ე.წ. „თურქეთის საქართველოში“(საქართველოს ეს სამხრეთი ნაწილი ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული).
ექვთიმემ საკუთარი თვალით იხილა ყველა მიწისზედა ძეგლი, თავად შეიგრძნო ბევრი მათგანის სიდიადე, იმ ხუროთმოძღვართა ნიჭი და ძალა, რომელთაც შექმნეს საქართველოს ეს დიდებანი. შესწავლილი იქნა დიდი ისტორიული მასალა. მართალია, ბევრი ძეგლი უკვე აღწერილი იყო არქეოლოგიურად, მაგრამ ექვთიმეს ძველ აღწერილობაში კორექტივები შეჰქონდა, ბევრს ისეთს ახალს ნახულობდა, რასაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ისტორიის მრავალი საკითხის გაშუქებისათვის.
ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიურ ექსპედიციათა შორის ყველაზე საინტერესოა 1917 წლის ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში. ამ მოგზაურობის დროს ექვთიმემ ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხთოროთის ტაძარი, ოთხთა ეკლესია, პარხლის ეკლესია, და სხვა. იმ დროს ტრანსპორტით მოგზაურობა თითქმის არ ხერხდებოდა, მითუმეტეს, ასეთ მთაგორიან ადგილებში, რაოდენი სიყვარული უნდა ჰქონოდა ერის ისტორიისა და კულტურისა ამ ადამიანს, რომელიც მტკივანი ფეხით ამდენს დადიოდა, არ ერიდებოდა არავითარ დაბრკოლებას და პირნათლად ახორციელებდა მიზანს, რომელიც ერთხელ დაისახა.
ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიურმა მოგზაურობებმა მეტად დიდი როლი შეასრულა ჩვენი კულტურის ძეგლების აღწერისა და შესწავლის საქმეში.
სამი არქეოლოგიური ექსპედიცია
სამხრეთ საქართველოში
1917 წლამდე „თურქეთის საქართველოში “ (როდესაც არტაანისა და ოლთისის ოლქები რუსეთის იმპერიაში შედიოდა), ექვთიმე თაყაიშვილმა ორჯერ ჩაატარა არქეოლოგიური ექსპედიცია.
პირველი ექსპედიცია მოეწყო 1902 წელს. ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების ზოგიერთ ძეგლთან ერთად, მაშინ გამოიკვლიეს არტაანის ოლქის ძეგლები და ნაწილი ოლთისის ოლქისა, სახელდობრ ბანა და მის ახლოს მდებარე ეკლესიები. ამ ექსპედიციის შედეგები დაბეჭდილია მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების მე-12 წიგნში 1907 წელს.
მეორე ექსპედიცია მოეწყო 1907 წელს . ამ ექსპედიციის დროს ექვთიმემ გამოიკვლია არტაანის ოლქის კოლას რაიონის ძეგლები და დაამთავრა გამოკვლევა ოლთისის ოლქისა, შეისწავლა ჩანგლის ტაძარი აღზევნის მახლობლად.
1907 წელს შესწავლილ ძეგლთა ნახაზები და გეგმები მოთავსებულია თბილისის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ „ქართული ხუროთმოძღვრების ალბომში“ (თბილისი, 1924 წ., ტაბულები 12-31); ხოლო ძეგლების აღწერილობა დაიბეჭდა წიგნში „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგალში 1907 წელს. (პარიზი, 1938).
როცა პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის ჯარმა თითქმის მთელი ანატოლია დაიკავა, ჭოროხის ხეობა ზურგს უკან მოექცა რუსის ჯარს, და 1917 წელს ექვთიმეს საშუალება მიეცა მოეწყო მესამე ექსპედიცია ტაო-თორთუმ-ისპირის ძეგლების შესასწავლად. ამ ექსპედიციაში, რომელიც საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სახელით იყო მოწყობილი, მოიწვიეს სამოქალაქო ინჟინერი, ხუროთმოძღავრი, მხატვარი ლადო გუდიაშვილი, მხატვარ-მსახიობი მიხეილ ჭიაურელი, ვარძიის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი იპოლიტე, რომელიც კატალიკოსის დავალებიატ უნდა გასცნობოდა ხახულის, ოშკისა და იშხნის მონასტერთა ნაშთებს და უნდა გამგზავრებულიყო თორთუმის ხეობაში , რათა მიეღო ზომები მათ დასაცავად.
ექსპედიციის სუსტ მხარეს შეადგენდა სპეციალისტი ფოტოგრაფის უყოლობა, ფოტოგრაფის როლს თავად ექსპედიციის წევრები ასრულებდნენ. ექსპედიციას თანხებით ეხმარებოდა თბილისის თავადაზნაურობა და სამღვდელოება, მაგრამ ფულით არაფრის შოვნა არ შეიძლებოდა ომისაგან სრულიად განადგურებულ მხარეში. რუსეთის ერობის კავშირის მოხელემ ალექსანდრე ციციშვილმა , ექვთიმეს ყოფილმა მოწაფემ , ისე მოაწყონსაქმე, რომ მთელი ექსპედიციის განმავლობაში მეცნიერებს არაფერი მოკლებიათ.
ექსპედიციამ გააკეთა ყოველივე, რის გაკეთებაც შეიძლებოდა იმ მცირე ხნის განმავლობაში, რომელიც მის განკარგულებაში იყო, დაამზადა გეგმები და განაკვეთები ყველა ნახული ეკლესია-მონასტრისა, მულაჟით გადმოიღო მრავალი ბარელიეფი და ჩამოიტანა ისინი თბილისში, გადაიღო ფოტოსურათები, აღმოაჩინა და ფოტოგრაფიულად ან ხელით გადმოიღო მრავალი ძვირფასი წარწერა, გამოარკვია ზოგი მონასტრისა და ტაძრის სახელი,, რომლებიც ლიტერატურაში არ იყო ცნობილი.
თუ განვიხილავთ ამ ექსპედიციების შედეგებს, აღმოჩნდება მრავალი ახალი და მეტად ძვირფასი მასალა საქართველოს კულტურის ისტორიისთვის.
ექვთიმე თაყაიშვილი (ფრაგმენტები სამეცნიერო ნაშრომებიდან)
ექვთიმე თაყაიშვილი (ფრაგმენტები სამეცნიერო ნაშრომებიდან)
ხახულის მონასტერი
ტაძრის მდებარეობა
და დაცულობა
ხახულის მონასტერი მდებარეობს თორთუმის-წყლის მარცხენა
შენაკადს,ხახულის-წყლის ხეობაში.
ეს ხეობა ვიწროა და თითქმის 7 კილომეტრის მანძილზე
გრძელდება. სოფელი ხახული მთელი ხეობის გასწვრივ არის გაჭიმული, მდინარის ორსავ ნაპირას.
სახლები ამ სოფელში მეტწილად ქვისაა, მიწის ბანიანი, მიწის იატაკიანი და პატარა, უშუშო
სარკმლებიანი. სოფელი 7 უბნად არის დაყოფილი. ეს უბნებია: ჯაფარ-აღა, დერდერისი, რადენსი,
ოსმან-აღა, ჩირენსი, იოღუნი და სერთი. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ხეობა ხეხილნარს
წარმოადგენს, ნაირ-ნაირი ქლიავ-ჭანჭურის, მსხლის, ვაშლი, ბჟოლის და კაკლის ხეებისგან
შემდგარს; არის აგრეთვე კომში, ლეღვი და ზღმარტლი და ზოგან ვაზიც კი, თუმცა უკვე გატყიურებული.
ამ ფრიად ვრცელ ბაღში მიმოფანტულია სოფლის სახლები. ხეხილისგან თავისუფალ ადგილებზე
სიმინდი და პური სთესია,მაგრამ მხოლოდ აქა-იქ და ძალიან პატარ-პატარა ყანებად.მოსახლეობა
უმთავრესად ხილეულით ირჩენს თავს:ზოგს არზრუმში ჰყიდიან,ხოლო მეტირავენ და საზამთროდ
იყენებენ.
ხახულის-წყლის შესართავს ზემოთ თორთუმის-წყალს ერთვის
მეორე მცირე მდონარე, კისხას-წყალი. ამ ადგილას შემორჩენილია თორთუმის-წყალზე გადებული
ზველი მკვიდრი,თლილი ქვით ნაგები ხიდი, რომელსაც ერთი ისტაული თაღი აქვს.ამ ხიდის თავთან,გზის
მარჯვნივ, ჩანს თითქმის მთლიანად შემონახული, ჩვეულებრივი რიგის მცირე ეკლესია,უხეშად
თლილი ქვით ნაგები.
ხახულის წყლის მარჯვნივ
ამართული ქედი მაღალია, მარცხნივ კი რამდენადმე უფრო დაბალი.
ოდესღაც ეს მთები წიწვიანი
ტყით ყოფილა შემოსილი, მაგრამ ეხლა ამ ტყის ნაშთებიღაა შემორჩენილი მდინარის
სათავეში და აქა-იქ ფერდობებზეც.
მონასტერი გაშენებულია
შუა ხევში,მდინარის მარცხენა ნაპირზე, მთის ძირას.სამხრეთით მას ნაწილობრივ ჰფარავს
მწვერვალი და ამის გამო იგი შორიდან სრულიად არ ჩანს, თითქოს მთის უბეშია შემალული.
მონასტრის ასაგებად
ადგილი საგანგებოდ მოუკავებიათ. ეზო მონასტერს საკმაოდ დიდი ახლვს,ამჟამად ვის დაბალი
გალავნით შემოზღუდული. ამ გალავანს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს.ეს შესასვლელი უნდა
წარმოადგენდეს ნაშთის სამრეკლოს ან ეგებ კოშკის თაღისას,რომელიც სრულიად გამქრალია,
თუმცა ზემოთ ამავალი ორი საფეხური კიდევ ჩანს.
მთვარ ტაძარს, ჩვეულებისამებრ,
გარს ერტყა მცირე ეკლესიები, რომელთაგან 5 გალავანს შიგნით იდგა, ხოლო 3 გარეთ.
მაჰმადიანებს მთელი მთავარი ტაძარი გადაუქცევიათ
ჯამედ და არა მხოლოდ მისი რომელიმე ნაწილი,როგორც, მაგ.იშხანსა და ოშკში. ამ გარემოებას
დიდად შეუწყვია ხელი მთავარი ტაძრის დაცვა-შენახვისთვის. თავის დროზე აქაური ქრისტიანი
მოსახლეობის მოწიწება ტაძრისადმი ტრადიციულად გადასულა მათ გამაჰმადიანებულ სთამომავლობაზეც.ხახულარებს
მაშინაც კი არ მიუგდიათ ის ძეგლი, როდესაც მათ მის შორი-ახლოს მეჩეთი ააშენეს. ისინი
დიდი პატივისცემით ეკიდებიან ხსოვნას მეჩეთის „მნათესი“, ვინმე ჰაჯი-ხალილ-ბაქირ-ოღლისა,
რომელიც თურმე განსაკუთრებული მზრუნველობით უვლიდა და ინახავდა ძეგლს. სიგანით ტაძარი
მის დროს ხალიჩებით ყოფილა მორთული და სრული წესრიგი და სისუფთავე სუფევდა თურმე. ის
კაცი დამარხულია მონასტრის გალავნის შიგნით და მის საფლავზე აღმართულია ძეგლი, რომელზდაც გარდაცვალების
თარიღი ჰიჯრის 1302წ.არის აღნიშნული.
ოშკის ტაძარი
ოშკის ტაძარი მდებარეობს ძველ ქართულ თემში,
ტაოში. იგი მთის კალთაზე დგას,
მდ.თორთუმის წყლის მარცხენა, ფრიად მაღალ ნაპირზე, იქ,
სადაც ეს წყალი ერთვის თორთუმის ტბას,
რომელიც, ირკვევა დაახლოებით 1791
წელსწარმოქმნილა, შემთხვევითი დაგუბების შედეგად.
მიუხედავად საგრძნობი დაზიანებისა, დღესაც აოცებს მნახველს სიდიადით,
სიმაღლითა და ყველა ნაწილების პროპორციულობით, ქანდაკოვანი დეკორითა და აგრეთვე სხვადასხვაგვარი პოლიქრომული სამკაულით.
სიდიდისა და ქანდაკოვანი სამკაულის მხრივ ეს ტაძარი ტაოში მეორეა,
ბანას მრგვალი ტაძრის შემდეგ.იგი თავისუფლად აუბამს მხარს
ქუთაისის ტაძარს და მცხეთისა და ალავერდის კათედრალებს.
გეგმა ზოგადად იშხნისგანაა ნასესხები,
მაგრამ საგრძნობლად გართულებულია:
აქ ჩვენგვაქვს სამ-ფასადიანი ნაგებობა, ოღონდ ისეთი, რომელსაც ყველა აფსიდის კუთხე მომრგვალებული აქვს. დასავლეთით ტაძარს ორ-სართულიანი პატრონიკე აქვს.
ჩრდილოდასავლეთ ეკვდრის ზედა სართულია გრეთვე პატრონიკეს წარმოადგენს და უერთდება დასავლეთ პატრონიკის ზედა სართულს.ყველაფერი ეს დიდად ამშვენებს შიგნიდან ტაძარს.
სილამაზით გამოირჩევა აგრეთვე ტაძრის დასავლეთ ნავის სამხრეთ კედლის გასწვრივ გაყოლებული გალერეა,
რომელსაც ოთხი ღია კამარა და მათი საყრდენი სვეტებიაქვს.
იშხანი
ტაძარი აშენებულია მე-9 საუკუნის პირველ ნახევარში, გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის საბას სნუ საბანის მიერ.
საბანმა ტაძრი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომელიც აშენებული იყო მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის ნერსეს მიერ.
ნერსეს ტაძრი საბას სულ დანგრეული დახვედრია, გადარჩენილი ყოფილა მხოლოდ საკურთხევლის აფსიდის ქვედა სართული და ეს ნაწილი ნერსეს სახსოვრად და პატივსაცემად საბანს მთლიანად მოუქცევია თავის ახალ შენობაში.
თავდაპირველად საბანის ტაძარი ნაშენი იყო სულ ოდნავ თლილი პატარა ქვებით, მაგრამ მე-11 საუკუნის პირველ ნახევარში ტაძარმა ორჯერ განიცადა განახლება.
პირველი, სულ მცირედინ განახლება მეფე გიორგი I-ის დროს (1014-1027) მოხდა და შეეხო მხოლოდ სამხრეთ კარიბჭეს.
მეორე განახლება მეფე ბაგრატ IV -ის დროს, 1032 წელს- ფრიად დიდი და მნიშვნელოვანიიყო.ამ დროს ტაძრის ყველა კედელი გარედან შეიძერწა ლამაზად თლილი წითელ-ყვითელი ფილებით და ტაძარმა მიიღო ის მშვენება და საუცხოო დეკორი, რომელიც ახლაც ხიბლავს მნახველს.
იშხნის ტაძრის შინაგანი კედლები მოხატული იყო, როგორც ჩანს, მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში, მშვენიერი ფრესკებით, რომელთა მიხედვით არის მოხატული აგრეთვე ოშკისა და ხახულის ტაძრები, მაგრამ ახლა ეს სურათები მოსპობილია ჟამთა სიავისა და თან ადამიანთა ხელების მიხმარების გამო.
ტაძრის შიდა კედლებზე ტაძრის მლოცველ-მნახველთა წარწერებიც მრავლად ყოფილა. გადარჩენილთა შორის საყურადღებოა მე-12 საუკუნის ლამაზი მხედრული წარწერა.
ტაძრის უძველესი ისტორიული წარწერა შემორჩენილია ჩრდილოეთის კედელზე, ამ წარწერაში მოხსენიებული ბაგრატიონთა შორის პირველი ქართველთა მეფე ადარნესე II და მისი ოთხი შვილი წარწერაში აღნიშნული თარიღები უდრის 917 და 936 წლებს, ხოლო თვით წარწერა შესრულებულია 954-955 წლებში. წარწერას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ისტორიისათვის. სხვა რომა არა ყოფილიყო რა, მარტო მის აღმოსაჩენად ღირდა ჩვენი ექსპედიციის მოწყობა.
გამოყენებული ლიტერატურა:
ექვთიმე თაყაიშილი, 1917 წლის ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში
ექვთიმე თაყაიშვილის ბიობიბლიოგრაფია, როინ მეტრეველის წინასიტყვაობა