ექვთიმე თაყაიშვილს, როგორც ქუთაისის გიმნაზიის წარჩინებით კურხდამთავრებულს, ჯიბეში თან ჰქონდა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის, კ. იანოვსკის მიერ ხელმოწერილი მოწმობა, რის საფუძველზეც სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიის სტიპენდიანტის ახლადგახსნილ ვაკანტურ ადგილზე სწორედ ექვთიმე თაყაიშვილი ჩარიცხულიყო, რადგან იგი საგანგებოდ მისთვის გახლდათ გამოყოფილი.
1883 წლის 1 სექტემბრიდან ექვთიმე უკვე სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის სტუდენტია, რის საფუძველზეც მისთვის რუსეთის სატახტო ქალაქში თავისუფლად ცხოვრების ნება მიუციათ.
არდადეგებს ექვთიმე თაყაიშვილი პავლოვსკში ატარებდა.
პვლოვსკის არდადეგებიდან პეტერბურგში დაბრუნებულ და მეორე კურსზე გადასულ სტუდენტ ექვთიმე თაყაიშვილს 1884 წელს უთხოვია სიღარიბის გამო ლექციების მოსმენისათვის საჭირო თანხის გადახდისგან განთავისუფლება...
არ ვიცით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თუ სამშობლოს მონატრების გამო, მაგრამ ფაქტია, რომ მესამე კურსის სტუდენტ ექვთიმა თაყაიშვილს გადაუწყვეტია 1886 წლის ზაფხულის არდადეგები საქართველოში გაეტარებინა.
დათქმული პირობის თანახმად, თაყაიშვილი 1 სექტემბრისთვის პეტერბურგს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ავადმყოფობის გამო იგი სამშობლოდან ვერ წამოსულა.
სულ რაღაც ოთხიოდე თვის შემდეგ -1887 წლის 16 ივნისს იგი ღებულობს პეტერბურგის უნივერსიტეტის სრული კურსის დამთავრების დროებით მოწმობას, ხოლო 1888 წლის 29 თებერვალს კი უნივერსიტეტის დამთავრების ნამდვილ დიპლომს.
არსებული წესის თანახმად, კავკასიის სტიპენდიატი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვალდებული იყო ხუთი წელი ემუშავა კავკასიის რომელიმე პროვინციულ სასწავლებელში (ოღონდ არა საქართველოში) მაგრამ ექვთიმეს თავი დაუხსნია ამ მძიმე ვალდებულებისაგან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მთავრობამ კავკასიაში მას ვერსად აღმოუჩინა ადგილი.
ექვთიმე თბილისში დარჩა და 1887 წლის შენოდგომაზე ქართულ სათავადაზნაურო სკოლაში ლათინური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა...
ასე დარჩა პეტერბურგის არქივში საუკუნეზე მეტ ხანს მტვერწაყრილი ექვთიმე თაყაიშვილის უცნობი საკანდიდატო დისერტაცია „ Отношения Росии к Грузии до конца смутного времени“, რომელიც გურამ შარაძის მიერ იქნა აღმოჩენილი და გამოქვეყნებულია მის წიგნში „...ასე იწყებოდა ექვთიმე თაყაიშვილი“
გამოყენებული ლიტერატურა: გურამ შარაძე-„ასე იწყებოდა ექვთიმე თაყაიშვილი“