1921 წელი.
მენშევიკებმა ბრძოლა წააგეს და ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების დათმობა იყო. ჟორდანიამ მოუწოდა დამფუძნებელ კრებას, დაუყოვნებლივ შესდგომოდნენ ევაკუაციას და მიეღოთ ზომები სამუზეუმო და საეკლესიო განძეულის თან წასაღებად.
პროფესორმა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, როგორც დამფუძნებელი კრების წევრი, სამუზეუმო განძეულის ხსენებაზე ყური დაცქვიტა, თუმცა მას ამ საკითხზე არც არაფერი ჰკითხეს და არც არაფერი დაავალეს.
სხდომის დამთავრებისას თაყაიშვილმა ასთხოვა ჟორდანიას, აუცილებელი და გადაუდებელი საქმის გამო მეორე დღეს შემდგარიყო მათი ოფიციალური შეხვედრა. ჟორდანია დათანხმდა.
მეორე დღეს მთავრობის თავჯდომარის კაბინეტში შემოვიდა მაღალ-მაღალი, ჭაღარა კაცი და იქ მყოფთ მდაბლად მიესალმა. თებერვლის თოვლჭყაპს მისი გახუნებული პალტო დაესველებინა.
ჟორდანიამ პროფესორი ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთის ელჩს, შევალიეს წარუდგინა, შემდეგ კი მათ შორის ასეთი საუბარი გაიმართა:
-მე აზრად არ მომსვლია ჩემი საფიცარი საქართველოს დატოვება და ემიგრაციაში წასვლა, მაგრამ თუ ის სამუზეუმო განძეული, რომელთა მოპოვებას, შეგროვებას და დაცვას მთელი ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი მოვანდომე, საზღვარგარეთ იგზავნება, ჩემს აქ დარჩენას აზრი არა აქვს, სწორედ იქ უნდა ვიყო, სადაც ჩვენი ერის ეს ავლა-დიდება იქნება.
-მე ვითვალისწინებდი თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას და მართალი გითხრათ, გერიდებოდით, ამიტომაც ვერ შემოგთავაზეთ განძეულის მეგზურობა, მაგრამ რაკი სურვილს აცხადებთ, თანახმა ვარ.
-მე, -უპასუხა თაყაიშვილმა,-იმ პირობით ვიკისრებ განძეულის გუშაგობას, თუ მთავრობისაგან ვიქნები აღჭურვილი ამ სიმდიდრის დაცვა-შენახვის ყველა უფლებით.
-ელიგულაშვილთან ერთად.
-თუნდაც ელიგულაშვილთან ერთად, ოღონდ პასუხისმგებელი ვიქნები მე.
-ამაზედაც თანახმა ვარ. რაკი შევთანხმდით, ახლა უნდა შეატყობინოთ ჩვენი ეს გადაწყვეტილება ყველა მუზეუმის გამგეს და ექსპონატები ზეგისათვის გასაგზავნად მოამზადოთ!
„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა
„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა