ექვთიმე თაყაიშვილი დაბადებულა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ლეხოურში (ახლა რომ ლიხაურს უწოდებენ).
ჯერ კიდევ თვითონ ექვთიმე თაყაიშვილი შენიშნავდა მოგვიანებით დაწერილ თავის „ავტობიოგრაფიაში“: „ჩემი მეტრიკის მიხედვით, დავბადებულვარ 1863 წლის 5 იანვარს, მაგრამ, შესაძლოა, ამაზე ერთი წლით მაინც უწინ ვიყო დაბადებული, ვინაიდან ჩვენში მეტრიკას მონათვლისას ადგენდნენ ხოლმე“.
მამამისი იყო აზნაური სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი, დედა-ნინო მაკვანეთელი თავადის გიტული ნაკაშიძის ასული. მათ ოთხი შვილი შესძენიათ: ლისა, ნიკო, ვარლამი და სულ ნაბოლარა, ექვთიმე.
ძალიან მოუსვენარი ბავშვი ყოფილა-სამი წლის იყო, როდესაც ხეზე ავიდა, ტოტზე ფეხი აუცდა, ჩამოვარდა და ისე მოიტეხა ფეხი, რომ კარგად ვეღარ შეუხორცდა და მთელი სიცოცხლე ხეიბრად დარჩა (ამის მიუხედავად თურმე ყოველთვის სწრაფი სიარული სცოდნია).
მამა ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაცვლილა, ხოლო დედით იგი 5 წლის ასაკში დაობლებულა.
სამი ობოლი ძმის-ნიკოს, ვარლამის და ექვთიმეს აღზრდა თავის თავზე აუღიათ ბებიას- საჯავახოელ შარაშიძის ასულ, დაქვრივებულ და შინ მობრუნებულ მამისა მაკას, უფროს დას- ლისას და მის მეუღლეს სიმონ გოთუას, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დაუნიშნავთ.
გამოყენებული ლიტერატურა: გურამ შარაძე-„ასე იწყებოდა ექვთიმე თაყაიშვილი“