სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მიმოხილვა



      ექვთიმე თაყაიშვილი-მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ერთი მთლიანი განუყოფელი ფენომენია. ჭეშმარიტი ნიმუშია სამშობლოსთვის თავდადებისა და უანგარო სამსახურისა. იგი სამოღვაწეო ასპარეზზე გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ცარიზმის ბატონობის მძიმე პირობებში გამოვიდა და გვერდით დაუდგა ქართული ისტორიოგრაფიის იმ სახელოვან წარმომადგენლებს, რომლებმაც ნაყოფიერი მუშაობა  გაშალეს ქართული ისტორიის მრავალფეროვანი  და მრავალმხრივი წყაროების შეკრების, მეცნიერული შესწავლისა და გამმოცემისათვის. ექვთიმე თაყაიშვილმა პირველმა ჩააყენა საქართველოს ისტორიის სამსახურში მდიდარი ქართული დოკუმენტური მასალა,  მანამდე შეუსწავლელი  ქართული ხელნაწერები და მათი ანდერძ-მინაწერები , ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები  და ყოველივე ამით მყარი ნიადაგი მოუმზადა ქართული ისტორიის მეცნიერების აღმავლობას.  
დღეს, XXI საუკუნის გადმოსახედიდან განსაკუთრებული ელვარებით მოჩანს  დიდი ექვთიმე.  
რომელიღაც ფილოსოფოსს უთქვამს -„ისტორია აღდგომა-აღორძინება არისო“- ისტორიის ამგვარი  დეფინიცია, რა თქმა უნდა, სადავოა, თუმცა ე. თაყაიშვილის ბედს იგი საოცრად ესადაგება. 

   ექვთიმე თაყაიშვილი იყო წყაროთმცოდნე და არქეოგრაფი, ეპიგრაფიკის მკვლევარი, არქეოლოგი, ქართული მწერლობისა და ხალხური სიტყვიერების, ისორიული გეოგრაფიისა და სამართლის ისტორიის მკვლევარი, ერთი სიტყვით, იგი იყო ჭეშმარიტი ისტორიკოსი, ამ სიტყვის ფართო გაგებით. 


      ჯერ კიდევ პეტერბურგის უნივერსიტეტის უკანასკნელი კურსის სტუდენტი იყო ექვთიმე, როცა იგი დაუსწრებლად აირჩიეს „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის წევრად. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იგი მთელი არსებით ებმება საზოგადოების მუშაობაში. მისი ენერგიის წყალობით გროვდება ძვირფასი წიგნები, სიგელ-გუჯრები, სხვადასხვაგვარი სიძველენი. 
  1887-1894 წლებში ექვთიმე მასწავლებლობს თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში. ასწავლის ბერძნულ და ლაზთინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას.  
1894-1904 წლებში სათავადაზნაურო გიმნაზიას განაგებს . ექვთიმე თაყაიშვილი უახლოვდება დიმიტრი ბაქრაძეს, რომელიც იმხანად იღწვოდა საქართველოს ეკლესია-მონასტრებში დაცულ სიძველეთა  შეკრება-დამუშავებისა და შეძლებისდაგვარად გამოქვეყნებისთვისაც. 
  „იმხანად,- წერს ექთიმე თაყაიშვილი,- უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი, -შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის, ყოველი ძალ-ღონე მეხმარა  ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად, რაც შეიძლება მეტი გამომემზეურებინა   და მისაწვდომი გამეხადა  მკვლევართათვის. ეს მიმაჩნდა ჩვენი კულტურის ისტორიისათვის  უმნიშვნელოვანეს საქმდე იმ პერიოდში, იმ რწმენით, რომ...ჩვენში გამოჩნდებოდნენ მეცნიერები, რომლებიც ჯეროვნად შეგვიგროვებდნენ საქართველოს ისტორიას, გაგვიშუქებდნენ იმ მართლაცდა დიდ კულტურას, რომელსაც ქართველმა ერმა მიაღწია ჯერ კიდევ შორეულ წარსულში.“
  
საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება
    რევოლუციამდელი საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა  1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით  დაარსებულმა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოს ისტორიის , მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა. ექვთიმე თაყაიშვილმა საზოგადოების დაარსების უმალ შემოიკრიბა თითქმის მთელი ქართველი ინტელიგენცია(აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ივანე ჯავახიშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და მრავალი სხვა). საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა.
ექვთიმე თაყაიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა  სხვადასხვაგვარი ექსპედიციების მოწყობას. საზოგადოების დაარსების უმალ შეუდგა ამ საქმიენობას და მის წევრებს საშუალება მისცა მრავლად მოეწყო ექსკურსია-ექსპედიციები, რომელთა მიზანი იყო არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთების შეგროვება, ისტორიული ძეგლების შესწავლა, ხალხური სიტყვიერების მასალის შეკრება. ყველა ამ საქმის სულისჩამდგემლი კი თავად იყო.
 ექვთიმე აქტიურად შეუდგა ასევე გამოცემათა თადარიგს. გამოსცა ორი სერი „ძველი საქართველო და „საქართველოს სიძველენი“.

  საზოგადოება დიდ ყურადღებას უთმობდა სამუზეუმო საქმიანობას და საეკლესიო მუშაობას. ექვთიმე თაყაიშვილი სხშირად გამოდიოდა მეცნიერული მოხსენებებით. მის ყოველ ნაშრომში იგრძნობოდა  უდიდესი ერუდიცია, მეცნიერული კეთილსინდიდიერება. მისმა ღრმა მეცნიერულმა ნაშრომმა „მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის  „ იმთავითვე მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება. მას მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ და 1911 წლის 28 მარტს საზოგადოების დიდი მედლით დააჯილდოვა.  

ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი უნივერსიტეტის დაარსებაში

   დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთდ იმთავითვე იყო არჩეული უნივერსიტეტის საზოგადოების კომისიაში. ექვთიმე კითხულობდა ლექციებს არქეოლოგიაში, ეპიგრაფიკასა საქართველოს ეკლესიის ისტორიას და ლექციებს საქართველოს სიძველეების შესახებ .
1918 წელს უნივერსიტეტის საბჭომ მას დოქტორის ხარისხი მიანიჭა. 
უნივერსიტეტში მოღვაწეობის წლებში ექვთიმემ იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა. 


    მიუხედავად იმისა, რომ  ექვთიმე თაყაიშვილს მძიმე ფიზიკური ნაკლი ჰქონდა, მას არ დაუტოვებია საქართველოს არცერთი კუთხე, ფეხით რომ არ მოევლოს , აქ არსებული ყველა ისტორიული ძეგლი რომ არ აღეწეროს 
და არ შეესწავლოს.  ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს: „მივიხედ-მოვიხედე, შევატყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს პატრონი არ ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა, მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და დავიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადასარჩენად. თან ახალახალსაც ვაგროვებდი. შემოწირულსაც არარ ვჯერდებოდი,  საზოგადოების ხარჯზეც შეძენაც დავიწყე“...

   „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები
   უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მის მიერ აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის “ ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს , რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო. საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. 
   ამ ხელნაწერებს შორის უძველესი იყო 1646 წლისა, რომელიც საზოგადოებამ ვინმე კორინთელისაგან შეიძინა. 

   1917 წლის რევოლუციამდე ექვთიმე თაყაიშვილი ერთადერთი არქეოლოგი იყო, გათხრებს რომ აწარმოებდა. იგი პარალელურად პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მუშაობასაც ეწეოდა, დიდ ყურადღებას უთმობდა  მიწისზედა ძეგლების აღწერა-შეგროვებას.
  ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიურ  ექსპედიციათა შორის  ყველაზე საინტერესოა 1917 წლის ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში.  ამ მოგზაურობის დროს ექვთიმემ ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხთოროთის ტაძარი, ოთხთა ეკლესია, პარხლის ეკლესია, და სხვა. იმ დროს ტრანსპორტით მოგზაურობა თითქმის არ ხერხდებოდა, მითუმეტეს, ასეთ მთაგორიან ადგილებში,   რაოდენი სიყვარული უნდა ჰქონოდა ერის ისტორიისა და კულტურისა ამ ადამიანს, რომელიც მტკივანი ფეხით ამდენს დადიოდა, არ ერიდებოდა არავითარ დაბრკოლებას და პირნათლად ახორციელებდა მიზანს, რომელიც ერთხელ დაისახა.
ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიურმა მოგზაურობებმა მეტად დიდი როლი შეასრულა ჩვენი კულტურის ძეგლების აღწერისა და შესწავლის საქმეში. 
  
   1921 წელს ახალი ხანა დაიწყო საქართველოში. საბჭოთა ხელისუფლების  დამყარებაის უმალ ყოფილმა მენშევიკურმა მთავრობამ ბათუმს მიაშურა, რათა აქედან ზღვით უცხოეთში გამგზავრებულიყვნენ. ამასთან, განკარგულება გაიცა, მთელი სამუზეუმო ქონება ყუთებში ჩაეწყოთ და უცხოეთში გაეტანათ.განძის მეთვალყურედ ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა.

განძმა თითქმის 25 წელი დაჰყო საფრანგეთში.
ექვთიმე თაყაიშვილმა, მიუხედავად მძიმე და რთული ცხოვრებისა, მიუხედავად გაჭირვებისა, ბოლომდე უპატრონა  მისთვის მინდობილ საუნჯეს და უკვე ღრმად მოხეცი ამ საგანძურთან ერთად 1945 წლის 11 აპრილს თბილისშში დაბრუნდა. 
  ექვთიმე თაყაიშვილი ჩამოსვლის პირველი დღეებიდანვე თანამშრომლობდა მეცნიერებათა აკადემიის, უნივერსიტეტისა და სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო ორგანოებში, აქვეყნებდა ძვირფას მასალას, 1945 წლის 10 მაისს არჩეულ იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად,. 1946 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკდემიის აკადემიკოსად. 
 ექვტიმე ჩამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ საჯაროდ წარსდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით „ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ.“
 მოხუცებული, მარტოხელა ექვთიმეს ცხოვრება უმძიმდა, მაგრამ ოპტიმიზმი მაინც არ დაუკარგავს. მხცოვანი მეცნიერი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე თავდაუზოგავად მუშაობდა. 


წყარო: „ექვთიმე თაყაიშვილის ბიობიბლიოგრაფია“, როინ მეტრეველი