პანიკით მოცული ქალაქის მუზეუმები ყუთებში ალაგებდნენ საქართველოს მთელ ავლა-დიდებას და უცხოეთში გასაგზავნად ამზადებდნენ.
გამთენიის ხანს, როცა ექვთიმე თაყაიშვილი გაფითრებული, დაღლილ-დაქანცული და წელში გატეხილი მივიდა საქართველოს მუზეუმში, მას დაახვედრეს ყუთებში ჩალაგებული განძეულობა.
ექვთიმემ ჯერ ის ყუთები დაათვალიერა, სადაც ძველი ქართული ხელნაწერები ეწყო,. პირველად ხელში მოხვდა ქსნის, ურბნისისა და ქათახევის ოთხთავები ეტრატის ფურცლებზე ლამაზი კალიგრაფიით გადაწერილი და მინანქრითა და ძვირფასი თავლ-მარგალიტებით შემკული; მერე თვალი მოავლო ყანჩაეთის, ქვეშის და ალავერდის ოთხთავებს ასომთავრული, მრგლოვანი და ნუსხა-ხუცურით რომ იყო ჩაგვირისტებული. კარგა ხანს ათვალიერებდა ვერცხლისა და ოქროს ყდებში ჩასმულ ამ ძვირფას მატიანეებს.
მერე მოდიოდა მეთექვსემეტე საუკუნით დათარიღებული „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ხელნაწერი, ჩასმული ოქროთი ტვიფრულ ყდებში, მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებული მეთერთმეტე საუკუნის დამდეგს კონსტანტინეპოლში ეტრატზე გადაწერილი; ქართული სვინაქსარი, შემკული სამოცდათვრამეტი მინიატურით , „კავშირი ღვთისმეტყველებითნი“ პროკლე დიადოხოსისა, ეფრემ მცირეს თარგმანტა კრებული, მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონი, თარგმნილი ექვთიმე მთაწმინდელისა, „თეთროსანული “დავითნი , ნუსხურით გადაწერილი აკათისტო ორმოცდატორმეტი მინიატურით, ილუსტრირებული ჟამნ-გულანი, დიდი სჯულის კანონი, ვახტანგ მეექვსის კანონთა კრებული, სახარების საკითხავები მთავრა საეკლესიო დღესასწაულებზე, ჩასმული ქვებით მოჭედილ ოქროცურვილ ვერცხლის ყდაში, ეტრატის ფურცლებზე გადაწერილი ჟამისწირვების გრაგნილი...
ყველა ამ ხელნაწერს ისე ათვალიერებდა ექვთიმე, თითქოს პირველად და უკანასკნელად ხედავდა მას.
მერე ნოე ყიფიანმა და იონა თომაშვილმა არქეოლოგიური კოლექციების ყუთები უჩვენეს, სადაც ეწყო ოქროს სამაჯურები, დიდი ოქროს უზალთუნები, გრეხილი ოქროს გვერგვები, ოქროს მძივები და ყელსაბამის საკიდები, ოქროს ბეჭდები და საყურეები გრიფონისა და სფინქსის გამოსახულებით, ოქროს ბალთები ურჩხულის გამოსახულებით, ოქროს ქამრები, კილიტები და ზანზალაკები, ვერცხლის თასები და ფიალები, ბრინჯაოს ბუნიკები ჯიხვისთავის გამოსახულებით, ქარვის ასხმულები, სარდიონის მძივის ყელსაბამები, რკინის ისრისპორები, ოქროს მედალიონები, ზღვის ნიჟარებით შემკული მძივები...
მომდევნო ყუთი გაჭედილი იყო ქართული, სპარსული, ბიზანტიური, სელჯუკური, კილიკიური, რომაული, ჩინური, ელინური, სასანური, პართული, ჰულაგუიდური ოქროსა და ვერცხლის მინეტებით, არაბული ვერცხლის დირჰემით და კოლხური დიდრაქმით...
საეკლესიო მუზეუმიდან მოტანილი ყუთებში ეწყო ოქროს ჯვრები , მინანქრით და ძვირფასი თვალმარგალიტებით მოოჭვილი ღვთისმშობლის ხატები, ოქროცურვილ ვერცხლის ბარძიმები, მღვდელმთავრის კვერტხის ოქროს ბუნიკები, ვერცხლის ფეშხუმები, ვერცხლის შანდლები, საცეცხლურები და ოლარები. მერე მოდიოდა მარგალიტებით მორთული კოლექცია მიტრებისა, ფარჩის სადიაკვნო კვართებისა, ხატის მანდილებისა, ეპიტრაქილებისა, ენქერებისა...
ყველაფერ ამას აგვირგვინებდა მემორიალური ნივთებისა და სურათების ყუთები, სადაც ეწყო ერეკლეს ხმალი, სოლომონ იმერთა მეფის თოფი, აკაკი წერეთლის ჯოხი, ეკატერინე დადაინის ოქროს დიადემა, ოქროს აზარფეშები, ფილები და ლარნალები, ვერცხლის სირჩები, რემბრანდტის, კრანახის, პრუდონის ფერწერული პორტრეტები და ვინ მოთვლის რამდენი რამ ეწყო საევაკუაციოდ გამზადებულ ყუთებში...
ექვთიმემ ყველა ყუთი სათითაოდ შეამოწმა. მერე თითოეულ მათგანს საგულდაგულოდ თავები მოუჭედეს, დალუქეს და როგორც კი სატვირთო ავტომანქანამ ჩამოიარა, ქუთაისის ხაზინაში გააგზავნეს. თან გააყოლეს იონა თომაშვილი და რამდენიმე მცველი.
თბილისში დარჩა გამოცარიელებული მუზეუმები და ეკლესია-მონასტრები. მრევლს უხმობდა ქაშუეთისა და სიონის ზარები, ოღონდ იქ აღარ ესვენა ღვთისმშობლის მინანქრიანი ხატები ჯვარცმის გამოსახულებით. უკვე მოესწროთ წაღება საკულტო და საეკლესიო დანიშნულების უძვირფასესი ნივთებისა.
„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა
„განძეულის გუშაგი“-ელიზბარ უბილავა