7 წლის ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო საასწავლებელში შეუყვანიათ 1869 წელს და დაუსვამთ მოსამზადებელ კლასში, რომელშიც უსწავლია 1869-72 წლებში.
სამი წლის შემდეგ ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლის მოსამზადებელი კლასიდან პირველ კლასში გადასულა და 1872 -73 სასწავლო წელი აქ დაუყვია. ხოლო 1874 წელს მესამე კლასში რომ გადასულა, ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელი საქალაქო სასწავლებლად გადაკეთებულა და როგორც ექვთიმე იგონებს, „იქ სწავლა სულ სხვა გეგმით უნდა ეწარმოებინათ, თითო კლასში ორ-ორი განყოფილება და ორი წლის კურსი იყო. ჩვენ გამოგვიცხადეს, შეგიძლიათ დაამთავროთ სამაზრო სასწავლებელი ფოთშიო“.
ამიტომ ექვთიმე თაყაიშვილს ოზურგეთის მიტოვება მოუხდა და სიმონ გოთუამ იგი ფოთში წაიყვანა იქაურ სამაზრო სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად.
გამოყენებული ლიტერატურა: გურამ შარაძე-„ასე იწყებოდა ექვთიმე თაყაიშვილი“